logo
ENG



"დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ", - საქართველო ნავალნიზე EU-ის განცხადებას შეუერთდა

03 სექ 202021:06
3 წუთის საკითხავი
 
eeu24jqn5gocz1y.jpg

საქართველო ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და  ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

ევროკავშირის ერთობლივი განცხადება 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ნივთიერებით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნავალნის მოწამვლის ფაქტზე რუსეთს "მძიმე შეკითხვებზე" პასუხები მოსთხოვა, მთავრობის განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ გერმანია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ერთობლივ პასუხზე მოილაპარაკებს, "რუსეთის საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით". 

"ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გასამართლდეს", - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში, - "ალექსეი ნავალნის საქმე გაუხსნელი არ უნდა დარჩეს". 

ნავალნი 22 აგვისტოდან მოყოლებული ბერლინის ჰოსპიტალში მკურნალობს. იგი ამ დრომდე კომაშია. 


close დახურვა